კულტურა

COVID-19-ის პანდემია და კულტურის კრიზისი

COVID-19-ის პანდემია და კულტურის კრიზისი

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა კულტურის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. 2020 წლის 12 მარტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიება, მათ შორის, სპექტაკლები, კონცერტები, კონკურსები და ფესტივალები. ჩემს ბლოგში იმ პრობლემების შესახებ მოგიყვებით, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეექმნათ.
2020 წლის აპრილში სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ, რომელიც ყურადღების მიღმა ტოვებდა კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს – მწერლებს, მუსიკოსებს, მხატვრებს, მსახიობებს, პროდიუსერებს, კულტურის მენეჯერებს, კურატორებს, ფოტოგრაფებსა და რეჟისორებს, პროტესტი გამოიწვია და შეიქმნა პეტიცია, რომლის ინიციატორები სამთავრობო უწყებებთან შეხვედრას და კრიზისული და პოსტკრიზისული სამოქმედო გეგმის გადახედვას ითხოვდნენ.
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით კულტურის სექტორი გასართობი, სასტუმროების და აზარტული თამაშების ინდუსტრიების გვერდით მოიაზრებოდა და სფეროს წარმომადგენლებს საშუალება არ ეძლოდათ, 2020 წლის ივლისამდე განახორციელებიათ რაიმე სახის აქტივობა. მას შემდეგ, რაც შეჩერდა ყოველგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა დაკარგეს მინიმალური საარსებო წყარო. ამის ფონზე, კულტურაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მხრიდან არ გამოთქმულა ინიციატივა, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ, თუნდაც ონლაინ შეხვედრის ფორმატში გაეზიარებინათ საკოორდინაციო საბჭოთვის სფეროში კრიზისით განპირობებული გამოწვევები და ემსჯელათ მათი გადაჭრის გზების შესახებ.
მიმდინარე წლის 12 მაისს ხელისუფლებამ სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პირობა მისცა, რომ გეგმა გადაიხედებოდა, თუმცა კომუნიკაცია არ გაგრძელებულა. მეტიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სპორტს დაფინანსება 53 მილიონი ლარით, კულტურას 21, ხოლო ზოგადი განათლლების რეფორმას დაფინანსება 20 მილიონი ლარით შეუმცირა.

რატომ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება კულტურის სფეროს?

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო, მეექვსე ეტაპზე გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, აზარტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა გახსნილიყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მათი საქმიანობა კვლავ შეზღუდული დარჩა. არასამთავრობო ორგანიზაცია „გილდიას“ დამფუძნებლის, გიგა ბექაურის განცხადებით, ეს დამოკიდებულება კულტურის პოლიტიკის არათანმიმდევრულობასა და გაუმართავობაზე მეტყველებს.
იგივე პრობლემაზე საუბრობენ მსახიობებიც:

„ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა და არასერიოზული დამოკიდებულებაა ქართული კულტურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თეატრი სახელმწიფო სუბსდიას იღებს, ჩემთვის მაინც დიდი დანაკლისია როგორც პროფესიონალურად, ასევე მატერიალურად სპექტაკლებიდან აღებული ჰონორარის არასებობა. ჩვენ ივლისში მზად ვიყავით ყველა რეკომენდაციის დაცვით, გაგვეხსნა თეატრი, თუმცა სახელმწიფომ ამის უფლება არ მოგვცა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აქვთ სალონებს მუშაობის უფლება, როცა კონტაქტი ადამიანებს შორის ასე ახლოა და რატომ არ აქვს თეატრს, სადაც ყველა რეგულაცია მაქსიმალურად იქნებოდა დაცული“ –

აცხადებს ჩამთან საუბარში თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი თამთა ბაქრაძე.

თითქმის ერთი წელია კულტურული დაწესებულებები საზოგადოებას ონლაინ რეჟიმში სპექტაკლებს , ვირტუალურ მუზეუმებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა აქტივობებს სთავაზობენ, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით ბევრი დაწესებულებისთვის ვირტუალური კომუნიკაცია ხელმისაწვდომი არ არის. თბილისის კამერული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი აფხაზავა ამბობს, რომ შემოქმედებითი პროცესის გაგრძელების მიზნით საჭირო ტექნიკის შეძენა საკუთარი ჯიბიდან უწევს, პრობლემაა კომუნალური გადასახადებიც მითუმეტეს მაშინ, როცა თეატრი სახელმწიფოსგან სუბსიდიას არ იღებს:

„ჩემმა თანამშრომლებმა ვერ ისარგებლეს იმ თუნდაც ერთჯერადი დახმარებით, რაც სახელმწიფომ სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს გამოუყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენ „კრიტერიუმებს“ ვერ ვაკმაყოფილებთ. რამდენიმე პროექტი დაგვიფინანსა თბილისის მერიამ და ამით ვდგავართ ფეხზე, თორემ კომუნალურების გადახდაც კი ჩვენი ჯიბიდან გვიწევს და ეს ძალიან ართულებს ჩვენს მუშაობას. ვგეგმავთ ონლაინ სპექტაკლები შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს, თუმცა ტექნიკურად უამრავ პრობლემას ვაწყდებით“.

 

ვინ იცავს კულტურის სექტორის ინტერესებს?

ცხადია, თეატრის გარდა ამ კრიზისს უფრო მწვავედ ფოტოგრაფები, მწერლები, მომღერლები და ივენთ-მენეჯერები განიცდიან. სწორედ ამიტომ პროფესიული კავშირ „გილდიას“ ინიციატივით 4 დეკემბერს შეიქმნა მანიფესტი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის სფეროში დასაქმებული იმ სუბიექტების დახმარებას სთხოვს, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდირებაზე არ იმყოფებიან და შემოსავლების გარეშე დარჩნენ. გიგა ბექაური სამინისტროს მიმართავს და კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს:

„მანიფესტის მთავარი მოთხოვნებია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნას ხელოვანთა ანტიკრიზისული საკონსულტაციო ჯგუფი. პრობლემატიკის შესწავლის, ბიუჯეტის ადეკვატურად დაგეგმვის, სახელოვნებო ორგანიზაციების პანდემიური და პოსტპანდემიური ფუნქციონირების საკითხებზე მსჯელობისა და გადაწყვეტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი შეიქმნას დროის უმოკლეს პერიოდში, რათა შესაძლებელი გახდეს კულტურის სფეროს პირველი რიგის საჭიროებებისთვის სათანადო ფინანსების გამოყოფაზე მსჯელობა პარლამენტში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. ასევე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სახელოვნებო სივრცეების ტექნიკური გადაიარაღებისა და „გაციფრულების“ მხარდასაჭერად”.

“გილდია” ასევე ითხოვს, განათლებისა და კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხელოვანთა წვდომა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების პაკეტებზე. ამისათვის აუცილებელია, დაიწყოს არასტანდარტულ შრომაში ჩართულ დასაქმებულთა აღრიცხვა და იდენტიფიცირება.
ასევე გადაიხედოს ბოლო პერიოდში, სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე გამკაცრებული რეგულაციები და განხილულ იქნას გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან სადაც ან ვირუსი გკლავს ან შიმშილი.

მანიფესტს 371-მა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა. შემოწირულობის სახით კი ანგარიშზე 2235 ლარი ირიცხება.

ბლოგის ავტორი – ანა ზაქაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *