პოლიტიკა

ახალი სახეები პოლიტიკაში

მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.

ჩემი თაობა ფერადია, ჩემ თაობას უყვარს სტერეოტიპების მსხვრევა და ყოველთვის ისწრაფვის სამართლიანობისკენ.

  • 2015 წლის 13 ივნისი

მე „ივნისის თაობიდან“ ერთ-ერთი ვარ.

2015 წლის 13 ივნისს, დაიწყო ჩემმა თაობამ სახელმწიფოებრივ საკითხებზე ხმამაღლა აზრის დაფიქსირება.

როცა 13 ივნისის ტრაგედია დატრიალდა, უნივერსიტეტებში გამოცდების პერიოდი იყო. მეორე დღესვე დაცარიელდა უნივერსიტეტი. ისე, რომ ახალგაზრდებისთვის   არავის დაუძახია, მათ დედაქალაქის დასუფთავება საკუთარი ინიციატივით დაიწყეს.

 

ხელისუფლებამ, მაშინ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამოძრომა სცადა და რომ არა ახალგაზრდების აქტიურობა, ზოოპარკის დირექტორის  ტელე დაპატიმრებას ვიხილავდით. მაშინ ამ ბავშვებმა ნიჩბები ზოოპარკში დაალაგეს, იმ დასვრილი ხელებით მივიდნენ კანცელარიასთან და მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს ხელისუფლებას, რომ ამას არ დაუშვებდნენ. პროტესტმა შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამაც უკან დაიხია.

სწორედ, აქედან დაიწყო ათვლის წერტილი, ამ დღიდან „ივნისის თაობა“  ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფასეულობების სადარაჯოზე გამოდის.

  • 2017 წელი – ახალგაზრდები გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამოვიდნენ

2017 წელს, გამოხატვის თავისუფლების გამო ჩვენი თანატოლი რეპერები „ბირჟა მაფიას“ წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია დააპატიმრეს.

პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა „ფეისბუქზე“ სტატუსით: „თქვენთან ვარ ბიჭებო!“.

ასევე გაავრცელეს განცხადება მაშინდელმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკიშილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოპოლიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ საუბრობდნენ.

ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი, მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ.

ეს იყო რამდენიმე ფაქტი „ივნისის თაობის“ შესახებ.

  • სუფთა ხელებით, სუფთა პოლიტიკის საკეთებლად

უკვე წლებია, საზოგადოება პოლიტიკაში ახალ სახეებს ითხოვს. პარალელურად, კი ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ: „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, „პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან“, მაგრამ ფაქტებზე დაყრდნობით მჯერა, რომ „ივნისის თაობა“ სუფთა ხელებით, სუფთა პოლიტიკას გააკეთებს.

მე „ივნისის თაობიდან“ ერთ-ერთი ვარ და ეს მეამაყება. ვფიქრობ, დროა მოჯადოვებული პოლიტიკური წრე, რაც შეიძლება მალე გაირღვეს და ქართული პოლიტიკა განახლდეს.

ქართულ პოლიტიკაში „ივნისის თაობის“ დრო მოვიდა.

https://www.myvideo.ge/v/3011717

ავტორი: ნანა ინჯგია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *