პოლიტიკა

„ნაცქოცობის“ მიღმა უზარმაზარი სივრცეა

„ნაცებისთვის მუშაობ, ხო?!“ „არსად დაგეკარგოს ეგ სისხლისმსელები“, – ასე დაუსრულებლად გესმის მსგავსი შინაარსის ფრაზები და აღარ ბრაზდები.

აღარ ბრაზდები, რადგან უკვე მესამე წელია, ისმენ ამ უსუსურ ბრალდებებს და იმუნიტეტი გაქვს გამომუშავებული.

მიხვდი, რომ ყველაფერი მარტივადაა და არ ხარ ვალდებული, ვინმეს რამე უმტკიცო, მათ შორის, საყვარელ ადამიანებსაც კი.

შეგიძლია, საკუთარი არგუმენტებით დააჯერო ისინი, რომ არ ხარ „ნაცი“, რომ არ მუშაობ „სისხლისმსმელებისთვის“, თუმცა – აზრი არ აქვს…

არაერთხელ სცადე შენი სიმართლის დამტკიცება, მაგრამ არ მოგისმინეს.

მათთვის უფრო მარტივია, „ნაცების“ ჟურნალისტი დაგარქვან.

გავა დრო და ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ორი ადამიანი დაგიდგება გვერდით – ერთი „ნაცია“, მეორე – „ქოცი“.

ეს ორი ადამიანი გადაგალახინებს ყველაზე რთულ პერიოდს.

დაგარწმუნებს, შეგაძლებინებს, რომ ყველაფერს გადაიტან.

ასეც იქნება! შენ შეუძლებელს შეძლებ და გააგრძელებ ცხოვრებას „ნაცისა“ და „ქოცის“ დახმარებით.

ის ადამიანები კი, ვისზეც უკვე მოგიყევით, კვლავ გაიმეორებენ: „სისხლისმსმელი „ნაცებისთვის“ მუშაობ, ხო?!“

ახლა უკვე ისმენ და კი არ გეღიმება, გეცინება.

ყველაფერი კიდევ უფრო მარტივადაა – ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე „ნაცობა“ და „ქოცობა“.

უფრო კონკრეტულად, პარალელურ საქართველოზე, „ნაცქოცური“ საქართველოს მიღმა ჯანსაღ სივრცეზე მომდევნო ბლოგში მოგიყვებით.

მანამდე კი გავიცნოთ ერთმანეთი, – მე ნენე ვარ, დიახ, ნენე, არც „ნაცი“ და არც „ქოცი“.

მე ჟურნალისტი ნენე ინჯგია ვარ და ბოლო სერიაში ვხვდები ადამიანს „ნაცებისა“ და „ქოცების“ მიღმა არსებულ უზარმაზარ სივრცეში.

ადამიანს, რომელიც ყველაფერს „აყირავებს“, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

დროებით და გვახსოვდეს: ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე „ნაცობა“ ან „ქოცობა“.

 

ნენე ინჯგია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *